შინაგანაწესი

 

 

თავი I. ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. მოქმედების სფერო

 

  1. 1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ახალი ქართული გიმნაზიის“ (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“, საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“  და მოქმედი კანონმდებლობის  შესაბამისად.
  2. შინაგანაწესი ვრცელდება სკოლის მასწავლებლებზე, თანამშრომლებზე, მოსწავლეებსა და მათ კანონიერ წარმომადგენლებზე და სავალდებულოა შესასრულებლად.
  3. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში სკოლის მასწავლებლების, თანამშრომლების (შემდგომში – დასაქმებული) და მოსწავლეების მიმართ გამოიყენება საქართველოს შრომის კოდექსითა და ამ შინაგანაწესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.
  4. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
  5. სკოლასა და დასაქმებულებს შორის შრომით ურთიერთობაში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობების, რელიგიური ან რაიმე გაერთიანებისადმი კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების გამო.
  6. 6. შინაგანაწესი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის.
  7. შინაგანაწესით განისაზღვრება:

ა)  სასკოლო საზოგადოების სუბიექტთა (მოსწავლე/მასწავლებელი/მშობელი) უფლება-მოვალეობები;

გ) სამუშაო და დასვენების დრო;

დ) შრომითი ურთიერთობის წარმოშობა;

ე)  შრომითი ურთიერთობის პირობები;

ვ) შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა/ საბოლოო ანგარიშსწორება;

ზ) წახალისების  ფორმები და დისციპლინური პასუხისმგებლობა;

თ) განცხადების/საჩივრის განხილვა;

ი) წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმები;

კ) სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მექანიზმები;

ლ)სიცოცხლის, ჯანმრთელობის, შრომის  პირობების დაცვასთან  დაკავშირებული  ზოგადი ინსტრუქციები.

მ) დასკვნითი დებულებანი;

 

მუხლი 2.  შინაგანაწესის მიზანი:

 

შინაგანაწესის მიზანია:

 

ა) სკოლის საქმიანობისათვის ხელშეწყობა, სკოლაში უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა და ჩამოყალიბება, სკოლის მისიის შესრულება;

ბ) სკოლაში დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;

გ) სკოლაში დასაქმებულ პირთა შრომითი და მისი თანამდევი ურთიერთობის მოწესრიგება და კონტროლი;

დ) სასწავლო-სამუშაო დროის  რეგულირება და რაციონალური გამოყენება;

ე) სკოლაში სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვისა და დისციპლინის განმტკიცებისათვის მოსწავლეთა ქცევის წესების მოწესრიგება და კონტროლი;

 

 

 

 

                                                თავი II.  მოსწავლე

 

მუხლი 3.  მოსწავლის უფლებები.

 

მოსწავლეს უფლება აქვს:

 

  1. მიიღოს ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ზოგადი განათლება.
  2. ნებაყოფლობით დაესწროს და მიიღოს მონაწილეობა ღონისძიებებში.
  3. ჰქონდეს სწავლისათვის შესაბამისი გარემო ჯანმრთელობის დაცვისა და ფიზიკური სრულყოფისათვის.
  4. ისარგებლოს საკლასო ოთახებით, სხვადასხვა საგნობრივი კაბინეტებითა და ლაბორატორიებით;.

 

მუხლი 4.  მოსწავლის მოვალეობები.

 

  1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე;
  2. გაკვეთილზე ყოფნისას, მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი  ნივთები;
  3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე;
  4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს,რომელიც ხელს უშლის სასწავლო პროცესს;
  5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;
  6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად;
  7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას;
  8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე;
  9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას;
  10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე;
  11. უფრთხილდება ბიბლიოთეკიდან აღებულ წიგნებს და სახელმძღვანელოებს. (დაკარგვის ან დახანების შემთხვევაში, მოსწავლე ვალდებულია აანაზღაუროს დანაკარგი);

 

მუხლი  5.   აკრძალვა

 

მოსწავლეს ეკრძალება:

                  

  1. მოიტანოს, გადასცეს ან გამოიყენოს ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები, ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ნაწარმი, ტოქსიკური და ნარკოტიკული ნივთიერებები, საღეჭი რეზინი, მობილური ტელეფონი, ტექნიკის სხვა საშუალებები.
  2. გამოიყენონ ფიზიკური ძალა ურთიერთობის გარკვევისას, დაშინება და გამოძალვა.
  3. ჩაიდინოს ნებისმიერი ქმედება, რომელსაც შეუძლია მოჰყვეს გარშემომყოფთათვის საშიში შედეგები.
  4. გამოიყენოს კოსმეტიკური საშუალებები, სამკაულები და ჩაიცვას გამომწვევად (ამ შემთხვევაში არ დაიშვებიან სკოლაში, გაცდენილი საათები ჩაეთვლებათ არასაპატიოდ).
  5. სკოლაში უცხო პირების შემოყვანა;
  6. 6. სკოლის შენობაში ქუდის, კეპის, ბენდენის, შარფის და ნებისმიერი სახის თავსახვევის ტარება(თუ ეს არ ეწინააღმდეგება მის რელიგიურ მრწამსს); ჯაჭვები ან ნებისმიერი სახის ბასრი ნივთების მოტანა, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს როგორც იარაღი.

(მოხდება აკრძალული ნივთების ჩამორთმევა და შემდგომი რეაგირება დაიგეგმება კანონმდებლობის გათვალისწინებით).

 

 

მუხლი 6.   მოსწავლის ჩაცმის წესი

 

  1. მოსწავლე სკოლაში უნდა გამოცხადდეს მოწესრიგებული და ესთეტიურად ჩაცმული. მოწესრიგებული ვარცხნილობით (ვაჟები-მოკლედშეჭრილი თმებით). იგი ვალდებულია ეცვას თეთრი, სადა პერანგი, შავი (მუქი ლურჯი) ფერის ქვედა სამოსი (ზამთრის პერიოდში სადა, მუქი ფერის პულოვერი (სამკუთხედი გულით), ეკეთოს ჰალსტუხი, რომელზეც გამოსახულია სკოლის ლოგო. პერანგი უნდა ფარავდეს მხრებს და იყოს არანაკლებ წელს ქვევით. იკრძალება ტოპები, მოკლე შორტები  და ქვედაბოლოები. სამოსი, რომელზეც წერია შეურაცხმყოფელი სიტყვები ან გამოსახულია ვულგარული სურათი (კარიკატურა). სამოსი რომელიც რეკლამირებას უკეთებს არაკანონიერი ნივთიერებების გამოყენებას, იგულისხმება თამბაქო, ალკოჰოლი, ნარკოტიკი და სხვა; სამოსზე არ უნდა იყოს გამოსახული მათი ლოგოები და საფირმო მარკები; მოსწავლე რომელიც არ ემორჩილება სკოლის მოთხოვნებს, არ დაიშვება გაკვეთილზე.

 

მუხლი 7. მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვა და გადაყვანა

 

  1. სკოლაში პირველ კლასში ბავშვები ჩაირიცხებიან კანონმდებლობით განსაზღვრული ასაკიდან გასაუბრების საფუძველზე.
  2. II–XII კლასებში მოსწავლეთა ჩარიცხვა ხდება თავისუფალი ადგილის შემთხვევაში გასაუბრების/ზოგადი ტესტის შევსების საფუძველზე;
  3. წარმატებული გასაუბრების შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნას შემდეგი საბუთები:
  • განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე.
  • სკოლის ბეჭდით დამოწმებული წლიური/სემესტრული/მიმდინარე შეფასება და გაცდენები -ყველა საგანში;
  1. სკოლაში ბავშვის პირველ კლასში ჩასარიცხად მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
  • განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;
  • მოსწავლის ორი ფოტოსურათი (3X4);
  • დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის, ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება;
  • მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
  • ჯანმრთელობის ცნობა სსსმ პირის შემთხვევაში;
  1. სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვისას ფორმდება ხელშეკრულება და იხსნება მოსწავლის პირადი საქმე.
  2. საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების“ შესახებ N 193/ნ ბრძანების შესაბამისად მოსწავლის სხვა საგანმანათებლო დაწესებულებიდან მობილობის შემთხვევაში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:
  • განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;
  • მოსწავლის პირადი საქმე;
  • მიმდინარე შეფასება;
  • ცნობა საგნების მიხედვით გაცდენილი საათების შესახებ;
  • ბრძანების ასლი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ამორიცხვის შესახებ;
  • დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის, ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება;
  • მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
  • სსსმ მოსწავლის გადმოსვლის შემთხვევაში აუცილებელია შესაბამისი ჯამრთელობის ცნობა.
  1. პირველ კლასელთა პარალელურ კლასებში განაწილება ხდება შემთხვევითი შერჩევით.
  2. მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანა ხდება დირექტორის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  3. მოსწავლეს შეიძლება, უარი ეთქვას სკოლაში ჩარიცხვაზე, თუ შემოსულ განცხადებათა რაოდენობა აჭარბებს სკოლაში მისაღებ მოსწავლეთა ადგილების რაოდენობას.
  4. მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მობილობის პროცესში უფლება აქვს გადაიყვანოს მოსწავლე სხვა სასწავლო დაწესებულებაში კანონმდებლობით დადგენილი წესით.(აუცილებელია იმ პერიოდისათვის დაფარული იყოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სწავლის გადასახადი)

 

მუხლი 8.  მოსწავლის წახალისების ფორმები და წესები

 

  1. სწავლაში მოპოვებული წარმატებისათვის საგანმანათლებლო პროცესში განსაკუთრებულად თავის გამოჩენისთვის, სკოლა უფლებამოსილია გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:

ა) სკოლის დირექტორის მიერ ბრძანებით მადლობის გამოცხადება;

ბ) დიპლომით დაჯილდოება;

გ) ფასიანი საჩუქარი;

დ) ერთჯერადი სტიპენდიის გაცემა;

  1. დირექტორის მოადგილე/საგნის პედაგოგი/კლასის დამრიგებელი უფლებამოსილია წერილობით მიმართოს სკოლის დირექტოს მოსწავლის წახალისების მოთხოვნით;
  2. მოსწავლის მიმართ შეიძლება ერთდოულად გამოყენებული იქნეს წახალისების რამოდენიმე ფორმა.

 

მუხლი 9. მოსწავლის პირადი გასინჯვა

 

  1. პირადი გასინჯვა – მოქმედება, რომლის მიზანია დისციპლინური გადაცდომის იარაღის, იმ საგნის, რომელსაც დისციპლინური გადაცდომის კვალი ატყვია, დისციპლინური გადაცდომით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის, რომლებიც საჭიროა დისციპლინური გადაცდომის გარემოებათა გასარკვევად, აღმოჩენა და ამოღება სკოლაში სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ სკოლის დირექტორის ან სკოლის დირექციის წარმომადგენლის ნებართვით ან ზედამხედველობით;
  2. დაუშვებელია მოსწავლეთა კოლექტიური პირადი გასინჯვა;
  3. პირად გასინჯვას წინ უნდა უსწრებდეს სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ მოსწავლის გაფრთხილება პირადი გასინჯვის შესახებ;
  4. დაუშვებელია მოსწავლის პირადი გასინჯვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულებები მიუთითებს კონკრეტულ პირზე და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირადი გასინჯვის შედეგად გამოვლინდება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული გადაცდომა.

 

მუხლი 10. მოსწავლის მიმართ დისციპლინური წარმოება

 

  1. მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად ითვლება:

ა) სკოლის არასაპატიო გაცდენა;

ბ) დაგვიანება;

გ) გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა;

დ) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება;

ე) მასწავლებლის/მოსწავლის ან სხვა სკოლის თანამშრომლის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა;

ვ) სკოლის ქონების, შენობის შეგნებული დაზიანება;

ზ) მობილური ტელეფონით სარგებლობა, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;

  1. მოსწავლეს, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის შეიძლება დაეკისროს შემდეგი დისციპლინური სახდელი:

ა) სიტყვიერი შენიშვნა;

ბ) წერილობითი გაფრთხილება;

გ) საყვედური;

დ) გაკვეთილიდან გაძევება;

ე) სკოლიდან დროებით დათხოვნა;

ვ) სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება;

ზ) საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ სკოლაში მოსწავლის დატოვება და დამატებითი დავალების მიცემა, მშობლის წინასწარი გაფრთხილებით;

თ)  მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა(საშუალო საფეხურზე);

  1. დაუშვებელია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომელიც ლახავს მოსწავლის პატივსა და ღირსებას, საფრთხეს უქმნის მოსწავლის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

 

მუხლი 11.  მოსწავლისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდება:

 

  1. მოსწავლისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდება:

 

ა) მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების საკითხის დაყენება შეუძლია დამრიგებელს, მასწავლებელს, სკოლის თანამშრომელს- წერილობითი ფორმით. დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ, რასაც თან უნდა ახლდეს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასაბუთება- მიმართავენ დირექტორს;

ბ) დასაბუთებაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: მოსწავლის სახელი და გვარი, ასაკი, კლასი, დისციპლინური გადაცდომის არსი, მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ გადაცდომის ფაქტს, დასაბუთება შესაძლო დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თარიღი;

გ) წინამდებარე შინაგანაწესის 10-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების( (ა) სიტყვიერი შენიშვნა; დ) გაკვეთილიდან გაძევება;) შეფარდების უფლება აქვს მასწავლებელს;

დ) წინამდებარე შინაგანაწესის 10-ე მუხლის მეორე  პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის (საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ სკოლაში მოსწავლის დატოვება და დამატებითი დავალების მიცემა, მშობლის წინასწარი გაფრთხილებით;) შეფარდების უფლება აქვს მასწავლებელს დირექტორთან შეთანხმებით. აღნიშნული სახდელის განხორციელებისას მასწავლებელი/დირექტორი ვალდებულია წინასწარ გააფრთხილოს მშობელი;

ე) წინამდებარე შინაგანაწესის 10-ე მუხლის მეორე  პუნქტის  ,,ბ“, „გ“ „ე“ ვ“ „თ“ (ბ) წერილობითი გაფრთხილება; გ) საყვედური; ე) სკოლიდან დროებით დათხოვნა; ვ) სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება; თ) მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების შეფარდების უფლება აქვს დირექტორს.

ვ) დისციპლინური სახდელი გამოიყენება გადაცდომის გამოვლენისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 3 თვისა მისი გამოვლენის დღიდან. დისციპლინური სახდელი არ შეიძლება გამოყენებული იქნეს გადაცდომის ჩადენის დღიდან 3 თვის გასვლის შემდეგ.

ზ) დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი;

თ) მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების,  აგრეთვე დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს. მოსწავლეს უფლება აქვს მასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას მშობელთან ერთად წარდგეს.

ი) დისციპლინური სახდელის დადებამდე მოსწავლეს, მისი მშობლის თანდასწრებით, უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების არარსებობის შემთხვევაში შედგენილ იქნება აქტი, რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს დამსწრეთა მიერ.

კ) დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს  ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები;

  1. 2. მასწავლებლის მიერ წინამდებარე შინაგანაწესის 10-ე მუხლის მეორე პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის (დ) გაკვეთილიდან გაძევება;) შეფარდების შემთხვევაში მასწავლებელი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს სკოლის დირექტორს. მოსწავლე დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს დირექტორთან. დირექტორი მოსწავლის მშობელს აცნობებს მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების ფაქტსა და მიზეზებს. მეორეჯერ დაშვებული გადაცდომის შემთხვევაში, მასწავლებელი წერილობით მიმართავს სკოლის დირექტორს, უხსნის გადაცდომის არსს და სთხოვს გამოყენებულ იქნას სხვა დისციპლინური ზომა.
  2. 3. მოსწავლისთვის სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრებისას უნდა განისაზღვროს: სასარგებლო საქმიანობის შინაარსი; მისი განხორციელების წესი და პირობები; სასარგებლო საქმიანობის განხორციელების ადგილი სკოლის ტერიტორიის ფარგლებში; მისი ხანგრძლივობა, რომელიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლისათვის არ უნდა აღემატებოდეს დღეში 1 საათს, საბაზო საფეხურის მოსწავლისათვის – დღეში 2 საათს და საშუალო საფეხურის მოსწავლისათვის – დღეში 3 საათს; უფლებამოსილი პირის ვინაობა, რომელიც უშუალო ზედამხედველობას გაუწევს მოსწავლის მიერ სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებას. სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობა მოსწავლეს შეიძლება დაეკისროს მშობლის თანხმობით. მოსწავლის მიერ სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება სკოლის ადმინისტრაციას.

 

მუხლი 12.  მოსწავლისათვის  დისციპლინური  სახდელის მოხსნა, დისციპლინური  სამართალწარმოების ვადები:

1.მოსწავლეს დისციპლინური სახდელი ვადაზე ადრე შეიძლება  მოეხსნას, თუ მოსწავლემ არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა, გამოირჩევა სანიმუშო ქცევით, გარკვეული მიღწევები და სახდელის დადებიდან გასულია სულ მცირე 3 თვე მაინც;

  1. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის საკითხის დაყენება დირექტორთან შეუძლია მასწავლებელს, კლასის დამრიგებელს არგუმენტირებული წერილობითი ფორმით;
  2. თუ მოსწავლეს 6 თვის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.

 

თავი III.   მშობელი

 

მუხლი 13.  მშობლის  უფლებები

 

მშობელს აქვს უფლება:  

         

  1. აირჩიოს ან არჩეულ იქნეს სკოლის მშობელთა კლუბში;
  2. გაეცნოს სასწავლო პროცესის მიმდინარეობასა და შინაარსს, შეხვდეს მასწავლებლებს საგაკვეთილო პროცესის დამთავრების შემდეგ.
  3. დამრიგებელთან ერთად მონაწილეობა მიიღოს სადამრიგებლო პროგრამის შემუშავებაში;
  4. საგნის მასწავლებლებისგან/კლასის დამრიგებლებისგან მიიღოს ინფორმაცია საკუთარი შვილის აკადემიური მოსწრებისა და და ყოფაქცევის შესახებ ყოველი სასწავლო კვირის ბოლო პარასკევ დღეს00 საათიდან 16.00 საათამდე.
  5. სურვილის შემთხვევაში დაესწროს/დააკვირდეს საგაკვეთილო პროცესს, დირექციისგან მიღებული თანხმობის საფუძველზე;
  6. ბავშვის უფლებების დარღვევისა და მასწავლებელთან შექმნილი კონფლიქტის შემთხვევაში წერილობითი განცხადებით მიმართოს კლასის ხელმძღვანელს, სკოლის დირექტორს.
  7. გადაიყვანოს მოსწავლე სხვა სასწავლო დაწესებულებაში.

 

 

 

 

 

 

 

მუხლი 14.  მშობლის  მოვალეობები.

         

მშობელი მოვალეა:

 

  1. გაეცნოს და დაიცვას სკოლის შინაგანაწესი და ხელშეკრულების პირობები (ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში სკოლა უფლებას იტოვებს შეწყვიტოს ხელშეკრულება მშობელთან).
  2. გამოცხადდეს სკოლაში გამოძახებისთანავე.
  3. პასუხი აგოს შვილის სწავლა-აღზრდის საკითხებზე.
  4. ყოველდღიურად უზრუნველყოს აკურატულად ჩაცმულ-დავარცხნილი შვილის საჭირო ნივთებითა და სახელმძღვანელოებით სკოლაში დროული გამოცხადება.
  5. წინასწარ აცნობოს დამრიგებელს მოსწავლის მიერ გაკვეთილის მოსალოდნელი გაცდენის თაობაზე.
  6. სკოლისგარეშე ღონისძიებებში ბავშვის მონაწილეობა (მუსიკა, სპორტი, მხატვრული წრეები და სხვა) არ დაამთხვიოს საგაკვეთილო პროცესს (გამონაკლისია განათლების სამინისტროდან ან მისი სტრუქტურული ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა).
  7. ბავშვის მიერ სკოლის ქონების დაზიანების შემთხვევაში აანაზღაუროს ზარალი.
  8. პასუხი აგოს შვილის საქციელისთვის ყველგან და ყველასთან ურთიერთობაში და აკონტროლოს მისი საგანმანათლებლო მომზადების ხარისხი.

 

თავი IV.   მასწავლებელი

 

მუხლი 15მასწავლებლის პროფესიული კომპეტენტურობა.

 

  1. მასწავლებელი, პროფესიული ვალდებულების შესრულებისას, დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია;
  2. პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებისას მასწავლებელი ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და  ეთიკის კოდექსის ნორმებით;
  3. მასწავლებელი ხელს უწყობს მოსწავლეებში დემოკრატიული და პატრიოტული ღირებულებების ჩამოყალიბებას;
  4. მასწავლებელი, თავისი პროფესიული საქმიანობისას, სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, ადამიანის უფლებათა დაცვის,  ჯანსაღი ცხოვრების წესისა  და გარემოს დაცვის მაგალითს აძლევს  მოსწავლეებს;
  5. მასწავლებელი იცავს მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  6. მასწავლებელი, თავისი საქმიანობისას, ყოველთვის პუნქტუალურია და აცვია მოწესრიგებულად;
  7. მასწავლებელი მეტყველებს ეთიკური ნორმების შესაბამისად, გამართული და მოსწავლეებისათვის გასაგები ენით;
  8. მასწავლებელი ეფექტურად იყენებს პედაგოგიური საქმიანობისთვის განკუთვნილ დროს, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად;
  9. მასწავლებელი უფრთხილდება სკოლის ქონებას და მიზანმიმართულად იყენებს სკოლის რესურსებს;
  10. მასწავლებელი არ იყენებს  პროფესიულ  ან  ინსტიტუციურ პრივილეგიებს  პირადი მიზნებისათვის;
  11. მასწავლებელი ზრუნავს საკუთარ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე.

 

 

 

 

 

 

მუხლი 16.  მოსწავლეებთან ურთიერთობა.

 

  1. მასწავლებელი ითავსებს მოსწავლის მრჩევლის ფუნქციას სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადასალახად და, მოსწავლის სურვილის შემთხვევაში, ეხმარება მას პირადი პრობლემების მოგვარებაში;
  2. მასწავლებელი არ აყენებს მოსწავლეს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ახდენს მასზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას;
  3. მასწავლებელი არ უწევს საკუთარ მოსწავლეს დამატებით ფასიან საგანმანათლებლო მომსახურებას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
  4. მასწავლებელი ინარჩუნებს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებში, ისმენს მოსწავლეთა აზრს და იღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს;
  5. მასწავლებელი, სასწავლო პროცესის განმავლობაში, ზრუნავს მოსწავლის ჯანმრთელობის, პირადი უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვაზე;
  6. მასწავლებელი მაგალითს აძლევს და ეხმარება მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესისათვის აუცილებელი ღირებულებებისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში;
  7. მასწავლებელი, მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს, იცავს მორალურ და ზნეობრივ ნორმებს;
  8. მასწავლებელი პატივს სცემს მოსწავლეთა აზრებს, უქმნის მათ ყველა პირობას იდეებისა და შეხედულებების თავისუფლად გამოსახატად;
  9. მასწავლებელი არ ეწევა მოსწავლეებთან რელიგიურ (გარდა იმ სკოლების მასწავლებლებისა, რომლებიც ეწევიან რელიგიურ საგანმანათლებლო საქმიანობას) და პოლიტიკურ პროპაგანდას
  10. მასწავლებელი არ  იყენებს მოსწავლის ფიზიკურ  და ინტელექტუალურ  შრომას ან პოტენციალს პირადი მიზნებისათვის;
  11. მასწავლებელი იჩენს თანაბარ ყურადღებას ყველა მოსწავლის მიმართ,  განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის ან სხვა ნიშნისა და ზრუნავს, რომ ყველა მოსწავლემ მიიღოს ხარისხიანი განათლება, მათი  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის მიუხედავად.

 

მუხლი 17.  მშობლებთან ურთიერთობა.

 

  1. მასწავლებელი თანამშრომლობს მოსწავლის მშობელთან და, საჭიროების შემთხვევაში, აწყობს მასთან  ინდივიდუალურ შეხვედრებს და თავაზიანია მასთან ურთიერთობისას;
  2. ყოველი სასწავლო სემესტრის დასაწყისში მასწავლებელი განმარტებებს აძლევს მშობლებს სასწავლო გეგმისა და მის მიერ არჩეული სწავლების მეთოდების შესახებ;
  3. მასწავლებელი, მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად,  მშობელს დროულად და ინდივიდუალურად აწვდის ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ;
  4. მასწავლებელს, თუ ის კლასის დამრიგებელია, აქვს ყველა მშობლის  საკონტაქტო ინფორმაცია, რათა, საჭიროების შემთხვევაში, დროულად შეძლოს მშობელთან დაკავშირება;
  5. მასწავლებელი ატყობინებს მშობელს მოსწავლის დისციპლინური დარღვევის შესახებ და ხელს უწყობს მის ჩართვას სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრულ დისციპლინურ წარმოებაში;
  6. მასწავლებელი დაუყონებლივ უზრუნველყოფს მშობლის ინფორმირებას, თუ მოსწავლე არ გამოცხადდა სკოლაში, ან მის ჯანმრთელობას და პირად უსაფრთხოებას საშიშროება დაემუქრა.

 

 

 

 

 

 

 

 

მუხლი 18. სკოლის დირექციასთანმასწავლებლებთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან   ურთიერთობა

 

მასწავლებელი ვალდებულია:

 

  1. კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები , დაიცვას ხელშეკრულების პირობები და დაემორჩილოს შრომის შინაგანაწესს;
  2. უზრუნველყოს სწავლება ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად;
  3. იქონიოს საგნობრივი პროგრამა;
  4. ყოველი სემესტრისა და სასწავლო წლის ბოლოს მოამზადოს წერილობითი ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ;
  5. სასწავლო წლის ბოლოს წარმოადგინოს მასწავლებლის პორტფოლიო;
  6. რეგულარულად მიაწოდოს ინფორმაცია დირექციას მოსწავლეთა გაკვეთილებზე დასწრების შესახებ;
  7. გამოცხადდეს სამსახურში გაკვეთილების დაწყებამდე 15 წუთით ადრე;
  8. სისტემატიურად გაეცნოს ყველა განცხადებას და გაკვეთილების ცხრილში შესაძლო ცვლილებას;
  9. სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში წინასწარ გააფრთხილოს დირექცია;
  10. იცოდეს თავისი და სხვა სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის მონაწილეთა უფლება-მოვალეობები და უზრუნველყოს მათი რეალიზაცია;
  11. შეასრულოს დირექციისა და სკოლის სხვა მომსახურეთა მოთხოვნები;
  12. უზრუნველყოს მოსწავლეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება სასწავლო პროცესის დროს;
  13. დაიცვას ეთიკის და ჩაცმის ნორმები;
  14. იზრუნოს პროფესიულ განვითარებაზე, აიმაღლოს კვალიფიკაცია;
  15. გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას;

 

მუხლი 19.  მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ მშობლის ინფორმირება

 

  1. სკოლის მასწავლებელი ვალდებულია სემესტრის/წლის ბოლოს შეაჯამოს საკუთარი მოსწავლეების აკადემიური მოსწრება. აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამისი კლასის დამრიგებელს, რომელიც თავის მხრივ ვალდებულია მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს ინდივიდუალურად სხვადასხვა ხერხების გამოყენებით: sms-შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა; სატელეფონო საუბარი, სკოლაში პირადი დაბარება.

 

მუხლი 20. მორიგე მასწავლებლის მოვალეობები:

 

  1. გამოცხადდეს სკოლაში სწავლის დაწყებამდე 15 წუთით ადრე;
  2. იმორიგეოს განსაზღვრულ ტერიტორიაზე სასწავლო პროცესის დასრულებამდე;
  3. ყურადღება მიაქციოს მოსწავლეთა უსაფრთხოებას, თვალყური ადევნოს დასვენების პროცესში მოსწავლეთა მხრიდან სასკოლო წესრიგის დაცვას;
  4. სკოლის ტერიტორიაზე, რაიმე სახის დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმაცია მიაწოდოს დირექციას.

 

 

 

 

 

 

 

მუხლი 21. კლასის დამრიგებლის მოვალეობები.

 

დამრიგებელი ვალდებულია:

 

  1. გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);
  2. სკოლაში მივიდეს სადამრიგებლო კლასის გამოცხადებამდე არაუგვიანეს 15 წუთით ადრე და არ დაუშვას მისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლის უყურადღებოდ დატოვება სკოლის შენობაში;
  3. საგაკვეთილო პროცესის დამთავრების შემდეგ, უზრუნველყოს საკლასო ჟურნალის სამასწავლებლოში შენახვა.
  4. დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;
  5. იყოს შუამავალი მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;
  6. რეგულარულად მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ სხვისი თანდასწრებით  საუბარი;
  7. საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
  8. გაიგოს მოსწავლის მიერ სკოლის გაცდენის მიზეზი;
  9. თვალყური ადევნოს მოსწავლის საპატიო და არასაპატიო გაცდენებს, უზრუნველყოს აღნიშნულის გამო მოსალოდნელი შედეგების თაობაზე მოსწავლის მშობლის დროული ინფორმირება;
  10. უზრუნველყოს მოსწავლეთა პირად საქმეში ყველა საჭირო ჩანაწერის შეტანა.
  11. რეგულარულად მოაწესრიგოს საკლასო ოთახი; უზრუნველყოს  სისუფთავის დაცვა; მასზე დაწერილი ინვენტარის დაზიანების შემთხვევაში -უზრუნველყოს ინვენტარის აღდგენა.
  12. სასწავლო წლის ბოლოს გააკეთოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მიღწევის, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი მასწავლებლებისგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და დაწეროს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათება. დახასიათებაში აღწერილი უნდა იყოს მოსწავლის ძლიერი მხარეები, მისი წარმატებები როგორც აკადემიური, ასევე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მოსწავლის მონაწილეობა წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში; მოსწავლის აკადემიური, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა გათვალისწინებაც სასარგებლო იქნებოდა მოსწავლისათვის;
  13. მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, დამრიგებელმა უნდა მოამზადოს ინფორმაცია მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ.
  14. სასწავლო წლის დასაწყისში, შეიმუშაოს სადამრიგებლო პროგრამა, სადამრიგებლო მუშაობის პრინციპებისა და მიმართულებების გათვალისწინებით. სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში რეგულარულად, კვირაში ერთხელ, ჩაატაროს სადამრიგებლო საათი, ასევე წლის განმავლობაში დაგეგმოს და განახორციელოს საინტერესო შემეცნებითი, მხატვრულ-ლიტერატურული ღონისძიებები, მოაწყოს ექსკურსიები, კოლექტიური სვლები მუზეუმებსა თუ თეატრებში;

 

 

                                          თავი  V. სამუშაო და დასვენების დრო

 

მუხლი 22. სამუშაო და დასვენების დრო

 

  1. სამუშაო დრო წარმოადგენს კალენდარული დროის ნაწილს, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ვალდებულია განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლება – მოვალეობანი;
  2. სკოლაში სასწავლო წლის, არდადეგების დაწყების და დამთავრების დრო განისაზღვრება კანონმდებლობის შესაბამისად და რეგულირდება სასკოლო სასწავლო გეგმით (სასკოლო კალენდარი);
  3. სკოლაში დადგენილია კვირაში 5 დღიანი სასწავლო პროცესი;
  4. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია კვირაში 6 დღიანი სწავლებაც. კერძოდ, 6 დღიანი სწავლება დასაშვებია: – თუ ობიექტური მიზეზების გამო სკოლა მიზანშეწონილად მიიჩნევს კვირის რომელიმე დღე განსაზღვროს დასვენების დღედ.
  5. სკოლაში სასწავლო პროცესი იწყება 09:00 საათზე;
  6. გაკვეთილების და გაკვეთილებს შორის შესვენებების ხანგრძლივობა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით ;
  7. დასაქმებულთა სამუშაო კვირა განისაზღვრება 5 სამუშაო დღით, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. შაბათ-კვირა და საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეები არის დასვენების დღეები;
  8. სკოლის დასაქმებულები ვალდებულნი არიან სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) სკოლაში გამოცხადდენ არაუგვიანეს 8:45 საათისა. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით სკოლის თანამშრომლის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა  აღემატება კვირაში 40 საათს;
  9. სკოლის მასწავლებელი ვალდებულია გაკვეთილის დაწყებამდე 15 წუთით ადრე გამოცხადდეს სკოლაში. პედაგოგის სკოლაში ყოფნის დრო განისაზღვრება მათთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად;
  10. სკოლის ყველა მასწავლებელი, მიუხედავად მათი დატვირთვისა, ვალდებულია სკოლაში იყოს ყოველ პარასკევს 14:00 საათიდან 16:00 საათამდე და მიაწოდოს ინფორმაცია სკოლაში მოსულ მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მათი შვილების აკადემიური მოსწრების შესახებ;

 

თავი VI.   შრომითი ურთიერთობის წარმოშობა

 

მუხლი 23. სკოლაში პედაგოგის/თანამშრომლის მიღება

 

  1. სკოლაში მასწავლებლის/თანამშრომლის მიღება ვაკანტური ადგილის დასაკავებლად ხდება კონკურსის საფუძველზე;

        (დანართიმასწავლებლის/თანამშრომლის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესი“)

  1. კონკურსის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება საჯაროდ, ინტერნეტ სივრცეში არსებული დასაქმების ვებგვერდებზე;
  2. სამუშაოდ მიღებულ ყველა დასაქმებულთან ფორმდება შრომითი ხელშეკრულება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  3. სკოლაში მიღებულ დასაქმებულზე იხსნება პირადი საქმე.

 

 

                                      თავი VII. შრომითი ურთიერთობის პირობები

 

მუხლი 24სამსახურში დაგვიანებით გამოცხადება და გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი

 

  1. წინასწარ ცნობილი მიზეზით, სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში დასაქმებული ვალდებულია წინასწარ  (წინა დღეს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი სამუშაოს დაწყებამდე მინიმუმ 1 საათით ადრე) გააფრთხილოს სკოლის დირექცია გამოუცხადებლობის შესახებ, სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდის თაობაზე, შესაბამისი აუცილებლობისა და მიზეზების მითითებით.
    2. გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო,   სამსახურში გამოუცხადებლობის ან სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების  შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს სკოლის დირექციას გამოუცხადებლობის მიზეზი.
  2. არასაპატიო მიზეზით სკოლაში გამოუცხადებლობა შემთხვევაში დასაქმებულს ხელფასიდან დაუკავდება გაცდენილი სამუშაო დროის შესაბამისი ანაზღაურება.
  3. სკოლა უზრუნველყოფს დასაქმებულთა სკოლაში გამოცხადების, წასვლის და გაცდენის კონტროლს. დაგვიანებისა და გაცდენის ყოველი შემთხვევა უნდა ეცნობოს სკოლის დირექტორს, ხოლო დასაქმებული ვალდებულია სკოლის დირექტორს წარუდგინოს შესაბამისი ახსნა-განმარტება.

 

მუხლი25.  დასაქმებულთა  ჩაცმულობის წესი:

 

  1. რეკომენდირებულია დასაქმებული იმოსებოდეს კლასიკურად (კლასიკური პიჯაკი, კოსტუმი, ჰალსტუხი, პერანგი, ქვედაბოლო და სხვ.).
  2. დასაქმებული უნდა იმოსებოდეს სადად, ელეგანტურად და გემოვნებით. დაუშვებელია შეუფერებელი, გამომწვევი, ვულგარული, ავანგარდული ან/და ექსცენტრული ჩაცმულობა.
  3. დაუშვებელია იმგვარი სამოსლის ტარება, რომელზეც წერია შეურაცხმყოფელი გამონათქვამი, გამოსახულია ვულგარული სურათი ან/და კარიკატურა.
  4. როგორც ქალი, ისე კაცი დასაქმებულისათვის აკრძალულია მოკლე შარვლის ტარება.
  5. დასაქმებული უნდა გამოიყურებოდეს სოლიდურად და მუდმივად უნდა იყოს მოწესრიგებული.

 

მუხლი 26. შრომის ანაზღაურების გაცემის დრო,  ადგილი,  წესი და პირობები

 

  1. სკოლის დასაქმებულებზე შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. ყოველი კალენდარული თვის 30/31 რიცხვამდე (ან საანგარიშო თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 სამუშო დღისა.). ანაზღაურების გაცემა მოხდება თანამშრომლის პირად საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
  2. შრომის ანაზღაურების გაცემის ადგილია ქალაქი თბილისი.
  3. ყველა სახის ანაზღაურება გაიცემა ეროვნულ ვალუტაში.

 

მუხლი 27. შრომითი ურთიერთობის შეჩერების გაფორმება.

 

  1. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 36-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერებული შრომითი ურთიერთობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება სკოლის დირექტორის ბრძანებით.
  2. შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სკოლას შეუძლია სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება.

 

                  თავი VIII. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა/ საბოლოო ანგარიშსწორება

 

მუხლი 28. დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.

  1. სკოლას შეუძლია დასაქმებულთან შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება შემდეგი საფუძვლებით:

ა) ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას;

ბ) შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;

გ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება;

დ) დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება;

ე) მხარეთა წერილობითი შეთანხმება;

ვ) დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან;

ზ)  სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტისას;

თ) ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში;

ი) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან  შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევისას;

კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

  1. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 38-ე მუხლის შესაბამისად.
  2. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა.

 

თავი IX. წახალისების  ფორმები და დისციპლინური პასუხისმგებლობა;

 

მუხლი 29. წახალისების ფორმები

 

  1. მუშაობაში მოპოვებული წარმატებისათვის, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებისათვის, აგრეთვე განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის სამუშაოს შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის და/ან საგანმანათლებლო პროცესში განსაკუთრებულად  თავის გამოჩენისათვის სკოლა უფლებამოსილია დასაქმებულის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:

ა)  სკოლის დირექტორის მიერ ბრძანებით მადლობის გამოცხადება;

ბ)  საპატიო სიგელით დაჯილდოება;

გ)  ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

დ)  ერთჯერადი (ფულადი) პრემიის გაცემა;

ე)  დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაზე ადრე მოხსნა;

 

მუხლი 30. წახალისების გამოყენების წესი

 

  1. დასაქმებულის წახალისების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი, რომლიც ფორმდება დირექტორის ბრძანებით;
  2. დირექტორის მოადგილე უფლებამოსილია წერილობით მიმართოს სკოლის დირექტორს დასაქმებულის წახალისების მოთხოვნით;
  3. დასაქმებულის მიმართ შეიძლება ერთდროულად გამოყენებული იქნეს წახალისების რამოდენიმე ფორმა.

 

მუხლი 31. დასაქმებულის მიმართ დისციპლინური წარმოება.

 

  1. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დასაქმებულს ეკისრება დისციპლინური სახდელი;
  2. დასაქმებულის დისციპლინური გადაცდომაა:

ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;

ბ) სამსახურებრივ მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება;

გ) სკოლის შინაგანაწესის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;

დ) ზნეობრივ – ეთიკური ნორმების წინააღმდეგ დასაქმებულის, მოსწავლის ან სკოლის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი.

ე) დასაქმებულის ქმედება, რომელიც ლახავს სკოლის ავტორიტეტს;

ვ) შრომის დისციპლინის დარღვევა;

ზ) მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის  დარღვევა;

თ) მოსწავლეზე/თანამშრომელზე ემოციური და ფსიქოლოგიური ზეწოლის წარმოება, სიტყვიერი ან/და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება;

ი) მოსწავლის პირად ცხოვრებაში ჩარევა;

კ) კონფიდენციალობის პრინციპის დარღვევა;

ლ)  სკოლის დოკუმენტაციის (საკლასო ჟურნალი და სხვა ) წარმოების წესის დარღვევა;

მ) სკოლისათვის შეგნებულად ან დაუდევრობით მატერიალური/ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა;

ნ) სკოლის ტექნიკისა და აღჭურვილობის უნებართვოდ გამოყენება;

ო) სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან სხვა ტოქსიკური საშუალებების მიღება, ასევე სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარება;

პ) სამსახურში გამოცხადება არაფხიზელ მდგომარეობაში, ასევე ნარკოტიკული ან ტოქსიკური საშუალებების ზემოქმედების ქვეშ;

ჟ) სკოლისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა;

რ) სკოლის ტერიტორიაზე/სასკოლო დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა;

ს) სისტემატიური დაგვიანება;

ტ) პედაგოგისთვის შეუფერებელი სხვა საქმიანობა;

  1. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის, ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის ხარისხის გათვალისწინებით, დასაქმებულის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები:

ა)  შენიშვნა;

ბ) წერილობითი გაფრთხილება;

გ) საყვედური;

დ) სასტიკი საყვედური;

ე) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება;

ვ) სამსახურიდან გათავისუფლება.

  1. დაუშვებელია სკოლის მიერ დასაქმებულთათვის დისციპლინური სახდელის დაკისრება იმ ქმედებისთვის რომელიც მან ჩაიდინა სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სკოლას აქვს დასაბუთებული ინტერესი.
  2. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი;
  3. დისციპლინური გადაცდომის ჩადენა დისციპლინური სახდელის გაქარწყლებამდე ან ვადაზე ადრე მოხსნამდე უკვე შეფარდებულ დისციპლინურ სახდელზე უფრო მძიმე დისციპლინური სახდელის გამოყენების საფუძველია;
  4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურება მოხდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად;
  5. მასწავლებელთა მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომების განხილვაზე უფლებამოსილია სკოლის დირექტორი;

 

მუხლი 32. მასწავლებლის მიმართ დისციპლინური წარმოება

 

  1. მასწავლებლის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) მოსწავლის, მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის, შესაბამის სკოლაში დასაქმებული პირის წერილობითი მიმართვა ან ინფორმაცია;

ბ) დისციპლინური გადაცდომის ფაქტის აღმოჩენა ან სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს, რომ ადგილი აქვს მასწავლებლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, მასწავლებლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს.

  1. წერილობით მიმართვაში (დასაბუთებაში) ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: დასაქმებულის სახელი და გვარი, თანამდებობა, დისციპლინური გადაცდომის არსი, მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ გადაცდომის ფაქტს, დასაბუთება შესაძლო დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თარიღი;
  2. სკოლის დირექტორი ვალდებულია დისციპლინური წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე;
  3. დისციპლინური სახდელის დადებამდე დასაქმებულს უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების არარსებობის შემთხვევაში შედგენილ უნდა იქნეს აქტი, რომელიც ხელმოწერილი იქნება დამსწრე პირთა მიერ;
  4. 6. დისციპლინური სახდელის დაკისრებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, გადაცდომის ჩადენის გარემოებები, რაც პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომასთან;
  5. 7. სკოლის დირექტორი უფლებამოსილია მიმართვის წარდგენიდან 1 კვირის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ ან მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებაზე უარის თქმისა და დისციპლინური დევნის შეწყვეტის შესახებ;
  6. 8. დისციპლინური სახდელი – სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც უკიდურესი ზომა. სკოლის დირექტორის მიერ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მასწავლებლის პროფესიული გამოცდილება, მის მიერ მიღებული დისციპლინური სახდელების სახეები და ოდენობა. სკოლის დირექტორმა უნდა გამოიკვლიოს კონკრეტული გადაცდომის გამომწვევი მიზეზები და მხოლოდ შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული სახდელის გამოყენების შესახებ.

 

მუხლი 33. დისციპლინური სახდელის შეფარდების დაუშვებლობა

 

  1. დისციპლინური სახდელი არ შეიძლება გამოყენებული იქნეს გადაცდომის ჩადენის დღიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ხოლო რევიზიის ან საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმების შედეგების მიხედვით არაუგვიანეს 2 წლისა მისი ჩადენის დღიდან. ამ ვადაში არ შედის სამსახურებრივი შემოწმებისა და სისხლის სამართლის საქმის წარმოების დრო;
  2. ხანდაზმულობის ვადის დინება იწყება დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან და წყდება დისციპლინური წარმოების დაწყებისას.
  3. დასაქმებულისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრება დაუშვებელია შრომითი ურთიერთობის შეჩერების დროს.

 

მუხლი 34. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე  მოხსნა

 

  1. დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადაზე ადრე იქნას მოხსნილი, თუ დასაქმებულმა არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა, თავი გამოიჩინა როგორც კეთილსინდისიერმა თანამშრომელმა და სახდელის დადებიდან გასულია სულ მცირე 3 თვე მაინც;
  2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესის გარდა დირექტორის მიერ დისციპლინური სახდელი ვადაზე ადრე შეიძლება მოიხსნას განსაკუთრებული დამსახურებისათვის;
  3. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის საკითხის დაყენება შეუძლია მშობელს, პედაგოგიურ საბჭოს, საგნობრივ კათედრებს და დირექტორს არგუმენტირებული წერილობითი ფორმით (წარდგინებით);
  4. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა შეიტანება დასაქმებულის პირად საქმეში;
  5. თუ დასაქმებულს ერთი წლის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.

 

 

 

 

თავი X. განცხადების/საჩივრის განხილვა

 

მუხლი 35.  განცხადების/საჩივრის განხილვის წესი

 

  1. სკოლაში შემოსული სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მონაწილეთა განცხადება/საჩივარი, რომელიც შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციაში უნდა გატარდეს დადგენილი წესით;
  2. სკოლაში შემოსულ განცხადებაზე სკოლის დირექცია რეაგირებას ახდენს 10 სამუშაო დღის ვადაში.

 

                            თავი XI. წესრიგის დაცვის უზრუმველყოფის მექანიზმები

 

მუხლი 36წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმები

 

  1. სკოლაში წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი;

იგი უზრუნველყოფს:

ა) სკოლის შენობაში მასწავლებელთა მორიგეობას;

ბ) სკოლის შენობაში დამონტაჟებული ვიდეოკამერების გამართულ მუშაობას;

გ) კლასის დამრიგებელთა დროულ გამოცხადებას;

დ) ყოველ დილით დაგვიანებული მოსწავლეების აღრიცხვას (შესაბამის ჟურნალში);

ე) მოსწავლეთა სასკოლო ფორმით გამოცხადებას;

ვ) პირველი გაკვეთილის შემდგომ გამოუცხადებელი მოსწავლეების გამოვლენას და მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებას (გამოუცხადებლობის მიზეზის დადგენას;)

ზ) ბოლო გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების შემოწმებასა და გაპარული მოსწავლეების გამოვლენის შემთხვევაში მშობლის დაუყოვნებლივ ინფორმირებას.

  1. სკოლის შენობაში პირთა შესვლა დასაშვებია მხოლოდ დირექტორის თანხმობის  საფუძველზე;
  2. სკოლაში მშობელთა, ან უცხო პირთა გადაადგილებას არეგულირებს სკოლის დარაჯი;
  3. აკრძალულია სკოლაში უცხო პირთა თავისუფალი გადაადგილება;
  4. ს/წლის დასაწყისში დირექცია განსაზღვრავს მოსწავლეთა პირად გასინჯვაზე უფლებამოსილ პირებს სქესის მიხედვით;
  5. ს/წლის დასაწყისში იქმნება საგანგებო შტაბი და დირექცია შეიმუშავებს, ამტკიცებს და აცნობს სასკოლო საზოგადოებას საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმას;
  6. ს/წლის დასაწყისში დირექცია შეიმუშავებს და ამტკიცებს ბავშვის ძალადობასთან დაკავშირებულ შიდა წესებს და გასაზღვრავს ბავშვთა მიმართ ძალადობის რეფერალის წესის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირს.

 

თავი XII. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მექანიზმები

 

მუხლი 37. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მექანიზმები

 

  1. სკოლაში სამედიცინო დახმარების აღმოჩენას უზრუნველყოფს სკოლის ექიმი;
  2. მოსწავლის გაკვეთილზე შეუძლოდ გახდომის შემთხვევაში:

ა) მასწავლებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ (მობილური ტელეფონის საშუალებით) ინფორმაცია მიაწოდოს სკოლის ექიმსა და დირექციის წევრს;

ბ) ექიმს  მოსწავლე გადაყავს სამედიცინო დახმარების ოთახში და უწევს პირველად დახმარებას;

გ) დირექტორის მოადგილე/ები დაუყოვნებლივ აცნობებენ მოსწავლის მდგომარეობას მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, ასევე საჭიროების შემთხვევაში ხდება სასწრაფო დახმარების გამოძახება;

  1. მოსწავლის დასვენების პერიოდში შეუძლოდ გახდომის შემთხვევაში:

ა) შესაბამისი სართულის მორიგე მასწავლებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ (მობილური ტელეფონის საშუალებით) ინფორმაცია მიაწოდოს სკოლის ექიმსა და დირექცის წევრს;

ბ) ექიმს მოსწავლე გადაყავს სამედიცინო დახმარების ოთახში და უწევს პირველად დახმარებას;

გ) დირექტორის მოადგილე/ები დაუყოვნებლივ აცნობებენ მოსწავლის მდგომარეობას მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, ასევე საჭიროების შემთხვევაში ხდება სასწრაფო დახმარების გამოძახება;

  1. თუ სკოლაში ს/წლის დასაწყისში გამოვლინდა სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების (დიაბეტი, ეპილეფსია და სხვ.) მქონე მოსწავლეები, სკოლის ექიმი ვალდებულია აღნიშნულ მოსწავლეებზე განახორციელოს რეგულარული მეთვალყურეობა. საჭიროების შემთხვევაში გააკონტროლოს მოსწავლის მიერ მედიკამენტების დროული მიღება.

 

თავი XIII. სიცოცხლის, ჯანმრთელობის, შრომის  პირობების დაცვასთან

დაკავშირებული  ზოგადი ინსტრუქციები.

 

მუხლი 38. შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები

 

  1. სკოლა ვალდებულია თანამშრომლებს შეუქმნას შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო-პირობები, შეასრულოს შრომის დაცვის წესები. განახორციელოს ღონისძიებები უსაფრთხოების ტექნიკისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის სფეროში.
  2. სკოლის ადმინისტრაცია პასუხისმგებელია მოსწავლეთა სიცოცხლისა და ჯამრთელობისათვის, სკოლაში მათი ყოფნისა და სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს.
  3. სკოლა ვალდებულია:-

– შეიმუშაოს ბუნებრივი და ტექნოლოგიური ხასიათის საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა“;

-შექმნას საგანგებო შტაბი;

– თვალსაჩინო ადგილას გამოაკრას „საგანგებო შტაბის შეტყობინების სქემა“.

 – შეიქმნას  სკოლის სამოქალაქო  თავდაცვის  გეგმა.

  1. სკოლა ვალდებულია:

– შეიმუშაოს ბავშვის ძალადობასთან დაკავშირებული შიდა წესი;(დანართი)

-განსაზღვროს ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დაცვაზე  პასუხისმგებელი პირი.

-განსაზღვროს მოსწავლეთა პირად გასინჯვაზე პასუხისმგებელი პირი.

  1. დასაქმებული ვალდებულია:

ა) დაიცვას შინაგანაწესის პირობები;

ბ) შეასრულოს სკოლის დირექციის მითითებები;

გ) გაუფრთხილდეს მასზე  მინდობილ დაწესებულების ქონებას, დაზიანების ან დანაკლისის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წარუდგინოს სკოლის დირექტორს მოხსენებითი ბარათი აღნიშნული ფაქტის შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე მინდობილი ქონების დაკარგვის შემთხვევაში თანამშრომელი პასუხს აგებს საკუთარი ქონებით;

დ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობანი;

ე) წესრიგში იქონიოს თავისი სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე და სიმშვიდე დაწესებულებაში;

ვ) იყოს კოლეგიალური, თავაზიანი, კორექტული თანამშრომლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან;

  1. დასაქმებულების, მოსწავლეები, მშობლებისა და სკოლის ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის შესასრულებლად სავალდებულოა ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებისა და შრომის პირობების დაცვის წესები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს შრომის კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით.
  2. სკოლაში წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმებია:

ა) დარაჯი;

ბ) ვიდეოკამერები ეზოსა და ყველა სართულზე;

გ) თვალსაჩინო ადგილზე განთავსებული  ცეცხლმაქრები;

დ) ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილზე გამოკრული ევაკუაციის გეგმა.

 

 

 

 

 

 

თავი XIV.  დასკვნითი დებულებები

 

მუხლი 39. შინაგანაწესში ცვლილებების შეტანა:

 

  1. შინაგანაწესს ამტკიცებს სკოლის დირექტორი.
  2. შინაგანაწესის მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა მოსწავლეებისათვის, სკოლაში დასაქმებული და სკოლის ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირისათვის.
  3. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს.
  4. შინაგანაწესის შემადგენელ ნაწილებს წარნოადგეს მოსწავლის ქცევის კოდექსი და მასწავლებლის ეთიკის კოდექსი.
  5. საჭიროების შემთხვევაში ცვლილებები შინაგანაწესში შეაქვს დირექტორს.

 

შინაგანაწესის დანართების ნუსხა:

 

  1. მასწავლებლის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად-კონკურსის ჩატარების წესი;
  2. ბუნებრივი და ტექნოლოგიური ხასიათის საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა;
  3. ბავშვთა ძალადობასთან დაკავშირებული შიდა წესი;
  4. მოსწავლის ქცევის კოდექსი;
  5. მასწავლებლის ეთიკის კოდექსი.
  6. მშობლის სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის უზრუნველყოფის მექანიზმები.